იატაკის გათბობა — სისტემის უპირატესობები, ტიპები და სწორი მონტაჟის წესები

კომფორტისა და ენერგოეფექტურობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებასთან ერთად, საქართველოსა და კერძოდ, თერმოინდუსტრიას გამოცდილებით, სულ უფრო მეტი ოჯახი ირჩევს იატაკის გათბობას.

საინტერესოა, რომ ამ თანამედროვე სისტემის იდეა ანტიკური პერიოდიდან იღებს სათავეს. ძველ რომში არსებობდა ჰიპოკაუსტის სისტემა, რომელიც თითქმის იმავენაირად მუშაობდა, როგორც იატაკის გათბობა, თუმცა მას მთლიანი სახლის ნაცვლად, უმეტესად მხოლოდ აბანოების გასათბობად იყენებდნენ. დღეს, რა თქმა უნდა, ეს კონცეფცია სრულიად განახლებული და გაუმჯობესებულია. ბლოგში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ — გაგაცნობთ რა არის, როგორ მუშაობს და რა უპირატესობები აქვს იატაკის გათბობას. 

რით განსხვავდება იატაკის გათბობა რადიატორული სისტემისგან?

იატაკის გათბობისა და ტრადიციული რადიატორების მუშაობის პრინციპი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ცენტრალური გათბობა კონვექციის მეთოდის გამოყენებით მუშაობს: რადიატორთან ჰაერი თბება, სიმსუბუქის გამო ზემოთ ადის, მის ადგილს კი ცივი ჰაერის მასა იკავებს. ამის გამო, ჭერის სიახლოვეს უფრო მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე იატაკთან. 

ამის საპირისპიროდ, იატაკის გათბობა რადიაციულ, ანუ სხივურ პრინციპზეა აგებული. გახურებული იატაკი სითბოს ასხივებს და პირდაპირ ათბობს ოთახში მყოფ ადამიანებსა და საგნებს. ამ დროს ჰაერის მასების მოძრაობა მინიმალურია, რის შედეგადაც ტემპერატურა მთელ სივრცეში თანაბრად ნაწილდება და თითქმის აღარ რჩება ცივი კუთხეები.  

სისტემის უპირატესობები, რომლებიც კომფორტში, დიზაინსა და ენერგოეფექტურობაში ვლინდება

სისტემის ყველა კომპონენტი იატაკის საფარის ქვეშ იმალება და სივრცის დაგეგმვისთვის სრული თავისუფლება გეძლევათ, რადგან ავეჯის განლაგებისას აღარ არის საჭირო რადიატორების მდებარეობის გათვალისწინება. 

ამასთანავე, რადიატორებისგან განსხვავებით, იატაკის გათბობა ჰაერს არ აშრობს და ოთახებში მუდმივად სასიამოვნო მიკროკლიმატი ნარჩუნდება. აღსანიშნავია ენერგიის მოხმარების მხარეც, ეს სისტემა რადიატორულ გათბობასთან შედარებით, 15-40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რადგან მას ეფექტური მუშაობისთვის წყლის შედარებით დაბალი ტემპერატურაც ჰყოფნის.  

წყლის თუ ელექტრო სისტემა

იატაკის გათბობის ორი ძირითადი ტიპი არსებობს, წყლისა და ელექტრო.  წყლის სისტემის შემთხვევაში, მილები ბეტონის ფენის ქვეშ თავსდება, რომლებშიც ქვაბიდან წამოსული ცხელი წყალი ცირკულირებს. ამის გამო, მისი მონტაჟი ძირითადად ახალი მშენებლობის ან კაპიტალური რემონტის დროს ხდება. ის საუკეთესოა მთლიანი სახლის ან ბინის გასათბობად.  

იატაკის ელექტრო გათბობა, თავის მხრივ, ორგვარია. კაბელური სისტემა წყლის მილების მსგავსად ბეტონში თავსდება და მაღალი სიმძლავრის წყალობით, შესაძლოა, ძირითად გათბობად იქნეს გამოყენებული. მეორე ვარიანტია ინფრაწითელი ფირი, რომელიც თხელია და პირდაპირ ლამინატის ან პარკეტის ქვეშ იგება. მისი მონტაჟი მარტივია, თუმცა დაბალი სიმძლავრის გამო უმეტესად ალტერნატიულ გათბობად გამოიყენება. ელექტრო სისტემებს ხშირად ირჩევენ კონკრეტული ზონების, აბაზანის ან სამზარეულოს გასათბობად.  

რომელი იატაკის საფარია თავსებადი თბილ იატაკთან?

სისტემის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს იატაკის საფარის თბოგამტარობა. კერამიკული ფილა და კერამოგრანიტი საუკეთესო არჩევანია (აუცილებელია მაღალი ხარისხის,თიხაზე დამზადებული ფილების გამოყენება), რადგან მაღალი თბოგამტარობის წყალობით სწრაფად თბება და სითბოს კარგად გასცემს. ლამინატის გამოყენებაშესაძლებელია(მხოლოდამხოლოდ 33 კლასის), თუ მას იატაკის გათბობასთან თავსებადობის სპეციალური სერტიფიკატი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იატაკი არ გათბება და  შესაძლოა დეფორმირდეს.  

ყველაზე პრობლემურ მასალად პარკეტი და მასიური ხის იატაკი მიიჩნევა. ხეს ბუნებრივი იზოლაციური თვისებები აქვს, რაც სითბოს გადაცემას აფერხებს. ამასთანავე, ტემპერატურის ცვლილებამ შესაძლოა ხის გამოშრობა და დეფორმაცია გამოიწვიოს. ხალიჩის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მისი სქელი ფაქტურა თბოიზოლატორის როლს ასრულებს და ოთახში სითბოს გავრცელებას უშლის ხელს.  

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მონტაჟისას

სისტემის ხანგრძლივი და საიმედო მუშაობისთვის, ხარისხიან მასალებთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს სწორი მონტაჟი. მაგალითად, მილების დაგებისას სპირალური, ანუ ლოკოკინასებური მეთოდი უკეთეს შედეგს იძლევა სითბოს თანაბარი განაწილებისთვის, ვიდრე ზიგზაგისებური. 

მილებს შორის მანძილიც ცვალებადია: სტანდარტულად 13-18 სმ-ია, თუმცა პანორამული ფანჯრებისა და გარე კედლების გასწვრივ, სადაც თბოდანაკარგი მაღალია, მანძილი 6-7 სმ-მდე უნდა შემცირდეს. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემის პირველი ჩართვა ბეტონის დასხმიდან 24-28 დღის შემდეგ მოხდეს, რათა საფარი არ დაზიანდეს.  

ნელი, საშიში და არასაიმედო — რა არის სიმართლე?

იატაკის გათბობის გარშემო წლების განმავლობაში რამდენიმე მითი დამკვიდრდა. მოდით, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შეხედულებები და შევადაროთ ისინი რეალობას.

იატაკის გათბობის სისტემა ხშირად ზიანდება და მისი შეკეთება შეუძლებელია

თანამედროვე, მაღალი ხარისხის უწყვეტი მილები, რომლებიც მონტაჟისას გამოიყენება, ათწლეულების განმავლობაში ძლებს. მეტალოპლასტირის მილები ისეთი მეთოდითაა დამზადებული, რომ წყლის გაჟონვის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. თუ გსმენიათ შემთხვევა, როცა იატაკის გათბობის სისტემამ გაჟონა, მაშინ ის ან არასწორად იყო დამონტაჟებული, ან მილი მექანიკურად დაზიანდა. 

იატაკის გათბობა ძალიან ნელა ათბობს ოთახს

იატაკის გათბობას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე რადიატორს, რადგან მთლიანი ბეტონის ფენა უნდა გაათბოს. თუმცა, უპირატესობა ის არის, რომ ტემპერატურას ხანგრძლივად და სტაბილურად ინარჩუნებს. 

თბილი იატაკი ჯანმრთელობისთვის საზიანოა

ეს მითი სათავეს იღებს ადრეული, არასწორად დაპროექტებული სისტემებიდან, რომლებიც იატაკს ზედმეტად ახურებდა. თანამედროვე სტანდარტებით, იატაკის ზედაპირის ტემპერატურა კომფორტულ ნიშნულამდე რეგულირდება, რაც სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

სწორად დამონტაჟებული სისტემა ძალიან საიმედოა და მინიმალურ ტექნიკურ მომსახურებას საჭიროებს. რეკომენდებულია წნევის პერიოდული შემოწმება და ფილტრების გაწმენდა. სეზონის დასრულების შემდეგ სისტემაში წყალი აუცილებლად უნდა დარჩეს, რათა მილები კოროზიისგან დაიცვათ.  

სისტემის ეფექტურ მართვას თანამედროვე პროგრამირებადი თერმოსტატები ამარტივებს. მათი საშუალებით შესაძლებელია გათბობის ინდივიდუალური რეჟიმია შექმნა და თითოეულ ოთახში ტემპერატურის დამოუკიდებლად რეგულირება. თუმცა, საბოლოო ჯამში, სისტემის ეფექტურობა კომპონენტების ხარისხზე, პროფესიონალურ დაგეგმვასა და მონტაჟზეა დამოკიდებული.   

იატაკის გათბობის სისტემის დასაგეგმად, ხარისხიანი კომპონენტების შესარჩევად და მონტაჟის პროფესიონალურ დონეზე შესასრულებლად მიმართეთ თერმოინდუსტრიას გუნდს.  ჩვენი მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები შეაფასებენ თბოდანაკარგებს, გამოითვლიან საჭირო სიმძლავრეს და თქვენი სახლისთვის შეარჩევენ იმ სისტემას, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება.

Scroll to Top